COVID-19-ის პანდემიის შედეგად კაცობრიობა იძულებული გახდა, მაქსიმალურად შეეზღუდა სახლის დატოვების შემთხვევები. ამან გამოიწვია დასაქმებულების მიერ საკუთარი შრომითი ვალდებულებების დისტანციურად შესრულება, რაც, არაერთი მოსაზრებით, მათზე დადებითად აისახა. ამასთან, არსებობს პოზიცია, რომ დასაქმებულთათვის სახლიდან მუშაობის შესაძლებლობის მიცემამ დამსაქმებლების უფლებრივი მდგომარეობის გაუარესება არ გამოიწვია. აღნიშნულის გათვალისწინებით წარმოიშვა დისკუსია იმის თაობაზე, ხომ არ იქნება მიზანშეწონილი, მოხდეს ასეთი სტატუს-კვოს შენარჩუნება.
წინამდებარე ნაშრომში განხილულია დასაქმებულთათვის სახლიდან (ან მათი არჩეული სხვა ლოკაციიდან) მუშაობის უფლების გარანტირება. ასეთი ცვლილების შემთხვევაში, შესაძლებელი გახდება პანდემიის იშვიათი დადებითი შედეგის შენარჩუნება და შრომითი ურთიერთობების არსებულზე უკეთ მოწესრიგებისაკენ შესაბამისი ნაბიჯის გადადგმა.
მოცემული ნაშრომი იკვლევს დისტანციური მუშაობის რეჟიმის რეგულირების პრობლემას და მასთან დაკავშირებულ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა დასაქმებულთა ინტერესები და სახელშეკრულებო ავტონომია.